თბილისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ანა გოგოლაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისში დაგეგმილ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გამოეხმაურა.
საკრებულოს დეპუტატმა თბილისში მიმდინარე მშენებლობების საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
„დღევანდელი შემთხვევა ეხება უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობას თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ უბანში, რომელიც დედაქალაქის ძირითადი სატრანსპორტო კვანძია. აგლაძის ქუჩის მშენებლობა უკავშირდება ქართული ოცნების წევრს, პარლამენტარს. ამ საქმეში შეიმჩნევა უამრავი დარღვევა და კომპრომისი მთავრობის მხრიდან. აღნიშნული შემთხვევა ხვალ ურბანულ კომისიასა და სხდომაზე განსახილველად გამოდის. მოვუწოდებ ქართული ოცნების დეპუტატებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას შესაძლო კორუფციული გარიგების დაკანონებაში, რაც განაჩენი იქნება ამ ქალაქის განვითარებისთვის“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
როგორც ანა გოგოლაძემ აღნიშნა, ქალაქს აქვს გენერალური გეგმა, რომლითაც მკაცრადაა განსაზღვრული ქალაქის განვითარების გეგმა. მისივე თქმით, დედაქალაქმა აღნიშნული გეგმა არ უნდა უგულებელყოს და პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა ის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენონ.